კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: თბილისის მოსახლეობის 9.1%-ს გადატანილი აქვს Covid 19, კვლევა ჩავატარეთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ჩატარებული სეროპრევალენტური კვლევით დადგინდა, რომ თბილისის მოსახლეობის 9.1%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს. თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ კვლევა რამდენიმე დღის წინ დაასრულეს.

"ქალაქ თბილისის მოსახლეობის 9%-ს, მოზრდილი მოსახლეობის 9%-ს გადატანილი აქვს კორონავირუსი" - ამბობს ცერცვაძე.

მისი განმარტებით, შემთხვევითი პრინციპით გამოიკვლიეს თბილისის 1 000 მოქალაქე და ნახეს, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები Covid 19-ის მიმართ. 

"იქ მერე ათასი შესწორებებით, დაზუსტებით, კოეფიციენტებით, შეწონვის მეთოდი და ასე შემდეგ, - ამას სპეციალისტები აკეთებენ, - დადგინდა, რომ ქალაქის მოსახლეობის 9%-ზე ოდნავ მეტს გადატანილი აქვს კორონავირუსი" - თქვა ცერცვაძემ და ეს არის "საშუალოევროპული მონაცემი".

17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 201 368 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 953 გარდაიცვალა. 1 მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით (50 524) საქართველო მსოფლიოში მე-11 ადგილზეა, ხოლო სიკვდილიანობით (490) - მე-40-ზე.

კომენტარები