გირჩი

ჯაფარიძე: 26 დეკემბერს დავაფუძნებთ პარტიას, მასაც გირჩი ერქმევა, ორი გირჩი იქნება ქვეყანაში

ტაბულა

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, 26 დეკემბერს გაიმართება ყრილობა, რომელზეც ახალი გირჩი დაფუძნდება. TV ფორმულას ეთერში მან განმარტა, რომ ახალ პარტიას სახელიც და ლოგოც იგივე ექნება.

"ქვეყანაში ორი გირჩი იქნება. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, რაღაც ნაწილს ამ ქვეყნის საზოგადოების, მაგრამ იქნება ორი და იქნება კონკურენცია, საბოლოო ჯამში, კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი დავხარჯე". - განაცხადა ჯაფარიძემ.

წამყვანი დაინტერესდა, ვის აქვს სახელ გირჩზე საავტორო უფლება, ზურაბ ჯაფარიძეს თუ იაგო ხვიჩიას.

"არ ვაღიარებ ეგეთ უფლებებს არც მე და არც ისინი“ - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ შიდა, თუმცა საკმაოდ დიდ Facebook-ჯგუფში დაპოსტა, რომ, ერთი მხრივ, მისი, ხოლო მეორე მხრივ, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თანამშრომლობა დასრულდა.

ზურაბ ჯაფარიძის ამ პოსტს წინ უძღოდა იაგო ხვიჩიას Facebook-პოსტი, სადაც ის წერდა – "გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს, ლანძღავს".

29 ნოემბერს იაგო ხვიჩია შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მისი მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა.

კომენტარები