საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 001 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 17 029 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 8 859 ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 170 PCR ტესტით.
17 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 201 368 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 169 282 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 953 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





