რუსეთი

რუსეთში სასამართლომ პოლონური კომბოსტოს გაყიდვა ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხედ ცნო

ქალაქ ორენბურგის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ პოლონეთში მოყვანილი კომბოსტოს გაყიდვის შესახებ საიტ agrobook.ru-ზე განთავსებული განცხადება რუსეთის ფედერაციის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შემცველად ცნო. ამის შესახებ საიტის მფლობელი კომპანია - Новая газета-ს ესაუბრა. 

საქმის მასალებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიზღუდა საიტის განცხადებების გვერდზე წვდომა.

კომბოსტოთი ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვა ორენბურგის სატრანსპორტო პროკურატურამ მოითხოვა.

უწყების თანახმად, განცხადება "საზოგადოებრივ საფრთხეს" ქმნის იქიდან გამომდინარე, რომ პოლონეთიდან ბოსტნეულის იმპორტი, "არსებული აკრძალვებისა და შეზღუდვების დარღვევით, უქმნის საფრთხეს რუსეთის ფედერაციის ინტერესებსა და უსაფრთხოებას". 

როგორც Новая газета წერს, განცხადება საიტზე 2013 წელს განათავსეს, იქამდე ერთი წლით ადრე, სანამ რუსეთში გარკვეული ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციაზე ემბარგო გამოცხადდებოდა. რუსეთმა ემბარგო საპასუხოდ დაუწესა იმ ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მიიღეს.

კომენტარები