რუსეთი

რუსეთში, ხანდაზმულთა სახლში ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Reuters

რუსეთში, ბაშკირეთის სოფელ იშბულდინოში ხანდაზმულთა სახლი დაიწვა. ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ხანძრის შესახებ სამაშველო სამსახურებმა დილის 3 საათზე მიიღეს ინფორმაცია. ცეცხლის ჩაქრობას სამი საათი დასჭირდა. შემთხვევის ადგილზე, მაშველების მისვლამდე, შენობის დატოვება ოთხმა ადამიანმა მოახერხა. ხანდაზმულთა სახლის ერთერთმა თანამშრომელმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან 3 ადამიანის გაყვანა მოახერხა. დაღუპულებს შორის 57 წლიდან 80 წლამდე ასაკის 4 ქალი და 7 კაცი იყო. მათ გადაადგილების პრობლემები ჰქონდათ, რის გამოც შენობიდან მათი სწრაფი ევაკუაცია ვერ მოხერხდა

საგამოძიებო სამსახურმა შემთხვევის მოკვლევა დაწყებულია. დააპატიმრეს ხანდაზმულთა სახლის დირექტორი. გამოძიების ვერსიით, 11 ადამიანის სიკვდილი სამსახურეობრივმა გულგრილობამ და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფამ გამოიწვია. ხის ერთსართულიან შენობაში ხანძრის დეტექტორები დამონტაჟებული იყო, თუმცა არ იყო ცეცხლსაქრობები. რეგიონში არსებულ სხვა მსგავს დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომების ინსპექციის განკარგულება გაიცა.

კომენტარები