თბილისის მერია

თბილისის მერია: აფრიკის დასახლებაში სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვავლინეთ

ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

თბილისის მერია აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

მერიის ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო.

მათივე ცნობით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ უსახლკაროდ რჩება და თბილისის მერთან შეხვედრის მოთხოვნით აქციას მართავს. ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობა და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაკავებულია რამდენიმე პირი. (ტაბულა დაკავებულების რაოდენობას შსს-ში აზუსტებს და ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ). 

"ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია. გაფრთხილება მიღებული გვაქვს, მაგრამ ვცხოვრობთ 2 პატარა ბავშვით. სად წავიდეთ? ქირის საშუალება არ გვაქვს. ბანკიდან გამოვიტანე თანხა, რომ ავაშენო, პატარა ბავშვები ქუჩაში რომ არ მყოლოდა. აგვაშენებინეს და რომ დამთავრდა, მერე მოდის ზედამხედველობა. მანამ, სანამ მე მიწა გავთხარე, ეთქვათ, არ გააკეთოთო". – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

თუმცა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ "ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება" და მომიტინგეებს სახლები და მიწები აქვთ

კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

 

EMC-ის განცხადების მიხედვით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისული მდგომარეობის პარალელურად, უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის არარსებობა და საცხოვრისის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ საკუთარი ვალდებულებების არასაკმარისი გააზრება უამრავი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების საფუძველი ხდება. ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, მიუსაფარი პირების დაუყოვნებლივი იდენტიფიცირების, მათი ფიზიკური გადარჩენისა და მხარდაჭერის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი თავისი ინიციატივით უსახლკარო ადამიანების პოტენციურ რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პირდაპირი საფრთხის ქვეშ აყენებს.

კომენტარები