კორონავირუსი საქართველოში

"რადიკალურ ნაბიჯებზეც ვფიქრობთ" — ღამის კლუბების წარმომადგენლები მთავრობას მიმართავენ

flickr.com

ღამის კლუბების წარმომადგენლები სექტორის გადასარჩენად მთავრობას მიმართავენ. კლუბების წარმომადგენლებმა 4-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს და განცხადებით მიმართეს თბილისის მერიას, საკრებულოს და რეაგირებას სხვა სახელმწიფო უწყებებისგანაც ელიან, მოთხოვნების უპასუხოდ დარჩენის შემთხვევაში კი რადიკალური ზომების მიღებასაც არ გამორიცხავენ.

"4-პუნქტიანი გეგმა მოიცავს იმას, რომ ის სივრცეები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არ დავკარგოთ, შემოქმედი ადამიანების, მუსიკოსების და ტექნიკური პერსონალის უზრუნველყოფას, ასევე, კომუნალური დახმარებების სუბსიდირებას იმიტომ, რომ ჩვენც ძალიან მძიმედ გვაწევს კომუნალური გადასახადები და პოსტკოვიდ პერიოდში, როდესაც საკლუბო სცენა დაიწყებს აღდგენის პროცესს, სწრაფი ტესტებით უზრუნველყოფას.

ჩვენ რადიკალურ ნაბიჯებზეც ვფიქრობთ, თუ როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, ამას მათი მხრიდან გამოხმაურება ცხადყოფს". – ამბობს კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები