ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალი

ომბუდსმენი წულუკიანზე: პოლიტიკური ოპონირების მსგავსი ხერხები მიუღებელია

ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ არის უცხო ასეთი დაბალი პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური ოპონირების მსგავსი ხერხები, რაც ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია, თუმცა, მე მაინც არ მინდა, რომ შეფასებებში გავცდე სამართლებრივ ასპექტებს. ნიკა გვარამიას ბრალთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი წინადადება გვაქვს წარდგენილი, მათ შორის, მის ერთ-ერთ კონკრეტულ ბრალთანაც, რომელიც უკავშირდება რუსთავი 2-ის ქონების გაფლანგვას, სადაც პირდაპირ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვერ დავინახეთ ამ ქმედებების მართლსაწინააღმდეგობა და მიგვაჩნია, რომ ის არ უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის ბრალის წარდგენის საფუძველი, ვინაიდან, ის საკითხები, რომლებზეც ბრალში არის საუბარი, უნდა იყოს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის განხილვის საგანი.

რაც შეეხება თვალთვალს, ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ წინადადებით მივმართეთ პროკურატურას, ვინაიდან მიგვაჩნდა, რომ თვალთვალის დაწყების ნაწილში იყო გარკვეული პრობლემები და პროცედურული დარღვევები, თუმცა ამას პროკურატურას არ იზიარებს.

რა თქმა უნდა, როდესაც ოჯახის წევრებს ვეხებით, მეუღლეს და შვილებს, უფრო მეტი ეთიკა და პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ პოლიტიკოსებს და მაღალი თანამდებობის პირებს...

ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ქართული ოცნების წევრის, თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან გვარამიას ოჯახზე თვალთვალის შესახებ თქვა "მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ?!".

კომენტარები