მკვლელობის მცდელობა

შსს: ჩვენი თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1955 წელს დაბადებული ნ.ც. შსს-ს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - გ.მ.-ს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება". – ნათქვამია განცხადებაში

უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები