მკვლელობის მცდელობა

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს 2 პირის მკვლელობის მცდელობისთვის პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა ორი პირის მკვლელობის მცდელობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის დამნაშავედ ცნო და 8 წელი მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წლის ზაფხულში, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ განიზრახა მართლმსაჯულების გვერდის ავლით, შურისძიების მოტივით, სიკვდილით დაესაჯა ხაიშის სატყეო უბნის რეინჯერი დათო ცინდელიანი და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერი პაატა ქარდავა, ვინაიდან მის ხელთ არსებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი თითქოსდა თანამშრომლობდნენ აფხაზეთის სეპარატისტულ სამსახურებთან", - წერია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურისვე ცნობით, რომან შამათავას დავალებით, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2008 წლის 17 აგვისტოს, ქუთაისში დააკავეს დათო ცინდელიანი, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და ქ.ბათუმში რომან შამათავას გადასცეს. მათივე ინფორმაციით, რომან შამათავამ თავზე ტომარაჩამოცმული დათო ცინდელიანი კატარღით ზღვაში გაიყვანა და უმწეო მდგომარეობაში მყოფს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლა, შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით დათო ცინდელიანს მოაბა კატარღის ღუზა და გადააგდო ზღვაში.

"ასევე, 2008 წლის 27 აგვისტოს, რომან შამათავას დავალებით, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მუშაკებმა ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება პაატა ქარდავას და გადასცეს რომან შამათავას, რომელმაც თვალებახვეული და ხელბორკილდადებული პაატა ქარდავა კატარღით გაიყვანა ზღვაში, ფეხზე მოაბა სიმძიმე, უმწეო მდგომარეობაში მყოფს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლა და დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით კატარღიდან ზღვაში გადააგდო", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომან შამათავას განზრახ მკვლელობის ბრალდება, განზრახ მკვლელობის მცდელობით გადაუკვალიფიცირდა, იგი გამართლდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში და მისი ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც მკვლელობის გაადვილების მიზნით ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა. პროკურატურისვე თქმით, დანაშაულთა ერთობლიობით, რომან შამათავას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს", - წერია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები