კორონავირუსი საქართველოში

შსს: საქმიანობა შევუჩერეთ ღამის კლუბს, რომელიც ორჯერ დაჯარიმების მიუხედავად მუშაობდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერა და მის წინააღმდეგ სსკ-ის წესით გამოძიება დაიწყო. შსს-ს მტკიცებით, ღამის კლუბი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხმის ჩამწერი სტუდიის - ინ და ჰაუსის სახელით ინიღბებოდა.

"კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ნოემბრის თვეში 2-ჯერ, 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა. ასევე დადგინდა, რომ ჯარიმის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და ღამის კლუბმა კვლავ განაგრძო მუშაობა. ინ და ჰაუსი აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ინ და ჰაუსის მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს" - აცხადებს შსს.

სამინისტროს ცნობითვე, სამართალდამცველებმა გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე ინ და ჰაუსი გაჩხრიკეს და დალუქეს. 

კომენტარები