კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი: აუცილებელია, მოქალაქეების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს პირბადის ტარება

ფორმულა

"ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ თითქმის 21 ათას ტესტზე ავედით; გაზრდილი ტესტირების მიუხედავად, გამოვლენილი ადამიანების რიცხვი პირდაპირპროპორციულად არ გაიზარდა და შესაბამისად, შემცირდა პოზიტიურობის მაჩვენებელი 25%-მდე, რაც კარგია, თუმცა რამდენიმე დღით ამის განსაზღვრა და ბოლომდე ეპიდემიოლოგიური დასკვნების გაკეთება რთულია". - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და გაფართოებული ტესტირების ფონზე შემთხვევების გამოვლენის დინამიკაში დაკვირვების აუცილებლობას, რათა სწორი დასკვნები გაკეთდეს.

„უნდა დავაკვირდეთ 7-14-დღიან მონაცემებს და შემდგომ ვიმსჯელოთ. ზოგადად საუბარი იყო მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, განვიხილეთ იგივე გერმანიის და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები. ასევე ვიმსჯელეთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. მიუხედავად იმისა, რომ 65%-მდე გაიზარდა პირბადის ტარება, რაც ძალიან კარგია, ჩვენ ეს არ გვაწყობს. აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი შემცირების საშუალებას და, შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა. ამიტომ, ამ ორკვირიანი დაკვირვების შედეგად მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, როგორი იქნება 24 დეკემბერი-2 იანვრის გადაწყვეტილებები, რათა არ დაზიანდეს, ერთი მხრივ, ეპიდემიის სწორი მართვა და მეორე მხრივ ეკონომიკასაც მიეცეს დაპირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში მუშაობის საშუალება". - ამბობს კულუმბეგოვი. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

    კომენტარები