კორონავირუსი საქართველოში

სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვაში 200 მილიონი ლარი დაიხარჯა – IDFI

21 მარტიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესაძენად მთავრობამ 200 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის [ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი] მიერ მომზადებულ კვლევაშია საუბარი.

როგორც ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი, ამავე პერიოდში სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

რაც შეეხება კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების საკითხს, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსაგან, ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში, 98.5 მილიონი ლარის შესყიდვა გააფორმა. 

ამავე კვლევის მიხედვით, ასეთი შესყიდვები ძირითადად გამარტივებული სახით ტარდება.

"გაანალიზებული მონაცემებით ჩანს, რომ თანხების უდიდესი ნაწილი იხარჯება კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მობილიზებაზე. ამ მიზნობრიობით შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ Covid-19-თან დაკავშირებული ზოგიერთი მომსახურების შესყიდვა ნაწილობრივ უბრუნდება ელექტრონული ტენდერის ფორმატს, რაც მისასალმებელია, თუმცა ასეთი შემთხვევები არ არის ბევრი. ვთვლით, რომ ისეთი მომსახურების შესყიდვები, რომელიც უკვე აპრობირებულია და მათი საჭიროების შესახებ წინასწარი ცოდნა არსებობს, შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, რათა მოხდეს მეტი კონკურენციის უზრუნველყოფა"- ვკითხულობთ დასკვნაში. 

 

კომენტარები