კორონავირუსი უკრაინაში

უკრაინაში საყოველთაო კარანტინი იანვარში გამოცხადდება

SOPA Images Limited/Alamy

უკრაინაში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო მკაცრი ზომები ძალაში 2021 წლის 8 იანვრიდან შევა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა ისაუბრა.

"მდგომარეობა რთულია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დადებით ტენდენციებს. წლის ბოლომდე სამი კვირაა დარჩენილი ამ პერიოდში მთავრობამ გადაწყვიტა, არ შემოიღოს მკაცრი კარანტინი". –თქვა შმიგალმა.

საკარანტინო ზომები ძალაში 8 იანვარს შევა და 24 იანვრამდე გაგრძელდება. შეზღუდვების ფარგლებში გათვალისწინებულია კინოთეატრების, სპორტდარბაზების, სავაჭრო ცენტრების, მაღაზიების, კაფეებისა და რესტორნების დახურვა. კარანტინის პერიოდში აკრძალულია ნებისმიერი გასართობი, სარეკლამო, სპორტული, კულტურული ღონისძიებები. სასწავლო დაწესებულებებში დასვენება გამოცხადდება. 

საკვები პროდუქტების მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები და სასტუმროები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ასევე, იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ნოემბრის შუა რიცხვებიდან უკრაინაში საკარანტინო ზომები დასვენების დღეებში მოქმედებდა. რესტორნების, კაფეებს, სავაჭრო ცენტრებს და გასართობ დაწესებულებებს დასვენების დღეებში მუშაობა ეკრძალებოდათ. დეკემბრის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს შეზღუდვები აღარ გაეგრძელებინა.

პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის 845 343 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 204 ადამიანი.

კომენტარები