კორონავირუსი უკრაინაში

უკრაინაში ქალაქი პოჩაევი მართლმადიდებლურ მონასტერში Covid-19-ის გავრცელების გამო დაკეტეს

GETTY IMAGES

მართლმადიდებლურ მონასტერში კორონავირუსის გავრცელების გამო უკრაინაში ქალაქი პოჩაევი დაკეტეს. პოლიცია მოსახლეობას ქალაქში შესვლა-გამოსვლის უფლებას აღარ აძლევს. ქალაქში 8,000 ადამიანი ცხოვრობს.

პოჩაევის ლავრაში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ქალაქში ათობით ადამიანი დაავადდა. გარდაცვლილთა შორის არიან ბერებიც.

აღდგომის დღესასწაულზე ადგილობრივმა მთავრობამ სასულიერო პირებს მოუწოდა ლავრა მრევლისათვის დაეკეტათ, თუმცა, ეკლესიამ რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და წირვაზე დასწრების შესაძლებლობა ასობით მორწმუნეს მისცა.

პოჩაევის ლავრა 5 საუკუნეა არსებობს და ყოველწლიურად მას პოლონეთიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან ასობით ათასი პილიგრიმი სტუმრობს. ამჟამად ლავრა დაკეტილია. თავდაპირველად მონასტრის საძმოში უარყოფდნენ, რომ იქ კორონავირუსი გავრცელდა, თუმცა მარტში მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ პილიგრიმობის შემდეგ რამდენიმე ადამიანი კორონავირუსით დაავადდა.

კორონავირუსი გავრცელდა დედაქალაქში მდებარე კიევ-პეჩერის ლავრაშიც. 13 აპრილის ინფორმაციით, ლავრაში ვირუსით 63 ბერი იყო ინფიცირებული. ლავრის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, დაღუპულია 3 სასულიერო პირი.

კიევ-პეჩერის ლავრას მიტროპოლიტი პავლე ხელმძღვანელობს, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშენკომ თქვა, რომ ყველა იმ სასულიერო პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლებმაც, 19 აპრილს, სააღდგომო დღესასწაულზე ეკლესიებში საკარანტინო შეზღუდვები დაარღვიეს. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სააღდგომო ღვთისმსახურებას ეკლესიებში 130 000-მდე ადამიანი დაესწრო, 2019 წელს კი ღვთისმსახურებაში მონაწილეობა 7 500 000 ადამიანზე მეტმა მიიღო. 

შსს-ის ცნობით, უკრაინის ეკლესიების ნაწილში ღვთისმსახურების რიტუალი კარანტინის რეჟიმის შეზღუდვების დარღვევებით ჩატარდა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ერთერთია იმ 12 მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომელმაც ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებაზე დასწრება აკრძალა. 

თავდაპირველად უკრაინის ეკლესიამ ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვალა. 

ამ დროისთვის უკრაინაში ახალი კორონავირუსის 6,592 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 174 ადამიანი გარდაიცვალა, 424 კი - გამოჯანმრთელდა.

კომენტარები