ერაყი

ერაყში საპროტესტო აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

CNN

ერაყში, ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ქალაქ სულაიმანიასა და მეზობელ ორ ქალაქში ასობით ადამიანი რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციებს მართავს. აქციებზე დაპირისპირების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. აქციის დასაშლელად პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც 6 დემონსტრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპა ერთი პოლიციელი. დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი.

საპროტესტო აქციები 4 დღეა გრძელდება. დემონსტრანტებმა რამდენიმე სამთავრობო შენობასა და პოლიტიკური პარტიების შტაბებს ცეცხლი წაუკიდეს. CNN-ის ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრაციების დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

აქციებზე საჯარო მოხელეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაგვიანებული ხელფასის გადახდას ითხოვენ. დემონსტრანტები ამბობენ, რომ ხელფასი ოქტომბრის შემდეგ არ მიუღიათ. ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში 1.23 მილიონზე მეტი ადამიანი საჯარო სექტორშია დასაქმებული.

ერაყში მივლინებულმა გაეროს დახმარების მისიამ დაგმო ძალადობა აქციებზე და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება დაცული უნდა იყოს.

ერაყის პრეზიდენტი ბარჰამ სალეჰი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა ადგილობრივ მთავრობას მოუწოდა, მოესმინათ დემონსტრანტების მოთხოვნებისთვის და აღნიშნა, რომ პრობლების ძალადობით გადაჭრა შეცდომა იყო.

სალეჰმა ასევე მოუწოდა ადგილობრივ მთავრობას, ერაყის ფედერალურ მთავრობასთან ერთად ემუშავა და შეემუშავებინა შეთანხმება ხელფასებთან და სხვა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რათა "ერაყის ყველა მოქალაქემ შეძლოს თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრება". 

ერაყის ფედერალურ და ქურთისტანის რეგიონალური მთავრობას შორის ნავთობთან, გაზის წილთან და დისტრიბუციასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება პანდემიის პერიოდში უფრო გამწვავდა.

ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის პრემიერმინისტრის მასრურ ბარზანის თანახმად, ქურთისტანის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გადაიჭრას მძიმე ფინანსური პრობლემები, რომელთა წინაშეა რეგიონი, ერაყი და მთლიანად მსოფლიო.​ ბარზანიმ აღნიშნა, რომ რეგიონი მოლაპარაკებებს აწარმოებს ფედერალურ მთავრობასთან.

კორონავირუსის პანდემიამ და ნავთობის ფასის შემცირებამ მნიშვნელოვნად დააზარალა ერაყის ეკონომიკა. ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 90% ნავთობზეა დამოკიდებული. ადგილობრივ მთავრობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უჭირთ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის დროულად გადახდა.

კომენტარები