ევროკავშირი-საქართველო

ბორელი: დროა, ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა დაუშვან საპარლამენტო წარმომადგენლობის არსებობა

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. მან თქვა, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არჩევნების შემდეგ არსებული სიტუაციაც.

"დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ლიდერობა და დაუშვან საპარლამენტო წარმომადგენლობის არსებობა. იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნების ბოლო შეთავაზება გახსნის კარს კომპრომისისათვის, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს, წინ წავიდეს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მიმართულებით და გაუმკლავდეს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს". – თქვა მან.

დღეს, 7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართა.

როგორც ოპოზიციური ლიდერები აქამდე ამბობდნენ, "ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა" და მოლაპარაკებების ამ რაუნდზე სწორედ ისინი უნდა გამოვიდნენ შემხვედრი წინადადებით. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. 

ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები