კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რეკომენდაციების დაცვით, თვის ბოლოს, შესაძლოა, COVID 19-ის შემთხვევები გავანახევროთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, თუ მოსახლეობა ყველა დაწესებულ რეკომენდაციას შეასრულებს, თვის ბოლოს, შესაძლოა, ვირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი განახევრდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას ისაუბრა.

"განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელი ცოტა ზემოთ აგვეწია, მაგრამ, თუ ავიყვანთ მაქსიმუმზე, ამ თვის ბოლოს ჩვენ, შესაძლოა, ახალი შემთხვევების რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და ქვეყანაში ქვესვლის სერიოზული ტენდენცია შეიქმნას, ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი რომ ჩამოვიდეს 200-ის ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის". – თქვა ამირან გამყრელიძემ.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ახალი კორონავოირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევათა კლება ტესტირების შემცირებამ განაპირობა, რადგან, მისივე განმარტებით, შაბათ-კვირას მიმართვიანობა მცირდება და შესაბამისად ტესტიც ცოტა კეთდება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 3 988 პაციენტი. 7 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 164 976 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 137 499 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 504 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 911.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები