კორონავირუსი საქართველოში

Covid-პანდემიის უარმყოფელი დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

დავით ქვლივიძე
sarwmunoeba.ucoz.ru

დეკანოზი დავით ქვლივიძე, რომელიც Covid-პანდემიის არსებობას უარყოფდა და მას, თანამოაზრე მღვდლებთან ერთად "ცრუ პანდემიად" მოიხსენიებდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. 

"სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს" - წერს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ახალი კორონავირუსის პანდემია უარყო.

იგივე მღვდლები ეწინააღმდეგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ მიღებულ ზოგიერთ საკარანტინო ზომასაც, მაგალითად ტაძრების დეზინფექციას (მიუხედავად იმისა, რომ ერთი კოვზით ზიარების პრაქტიკის გამო ეს ზომები არსებითი არ არის).

"მკრეხელურია ტაძრის შიდა სივრცის, ხატების, განსაკუთრებით კი საკურთხევლის დეზინფექცირების ზომების, ასევე ტაძრებში ე.წ საკარანტინო დისტანციისა და მსგავსი ღვთისმბრძოლი საკარანტინო ზომების დაწესება. ტაძარი ისეთი ადგილია, სადაც საიდუმლოებებისა და მორწმუნეთა ერთობლივი ლოცვით ყველაზე მეტად მოქმედებს ღვთის ხელთუქმნელი მადლი. ეს კი გამორიცხავს ინფექციის გადაცემის შესაძლებლობას". - ამბობს დეკანოზი დავით ისაკაძე ვიდეომიმართვაში.

კომენტარები