გირჩი

ჯაფარიძე: პრობლემები ადრეც იყო, მაგრამ წარმატებამ პრობლემები გააორმაგა

გირჩი

გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძის თქმით, გირჩში შიდაპარტიული პრობლემები უკანასკნელ პერიოდამდეც არსებობდა, 2020 წლის არჩევნებზე გირჩის მიერ მიღებულმა შედეგმა პარტიაში პრობლემები გააორმაგა. 

"ადამიანები სხვადასხვა რეალობაში სხვადასხვანაირად იქცევიან. ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანები სხვანაირად იქცევიან, კრიზისულ მდგომარეობაში სხვანაირად იქცევიან. პრობლემები ახლა არ დაწყებულა, ადრეც იყო. რაც მოხდა არის ის, რომ წარმატება, რომელიც ახლა გირჩმა დადო, ეს პრობლემები გააორმაგა. 

მე მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში ამის მოლოდინი მქონდა, წარმატება მოიტანდა, რომ უფრო დალაგდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ, სამწუხაროდ, დავინახე, რომ პირიქით მოხდა და ამან დამარწმუნა 100%-ით იმაში, რომ ასე გაგრძელებით შეუძლებელია აქედან რამე კარგი გამოვიდეს". – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, გირჩმა საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეების 2,89%-იანი მხარდაჭერა მიიღო და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. 

4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ შიდა, თუმცა საკმაოდ დიდ Facebook-ჯგუფში დაპოსტა, რომ ერთი მხრივ, მისი, ხოლო მეორე მხრივ, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თანამშრომლობა დასრულდა. ამ დრომდე უცნობია, რა წესით გადაწყდება, ვინ დატოვებს პარტიას და ვინ დარჩება გირჩში.

ზურაბ ჯაფარიძის ამ პოსტს წინ უძღოდა იაგო ხვიჩიას Facebook-პოსტი, სადაც ის წერდა – "გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს, ლანძღავს".

29 ნოემბერს იაგო ხვიჩია შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მისი მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა.

კომენტარები