კორონავირუსი საქართველოში

ომბუდსმენი: კითხვებზე საპასუხოდ საწოლფონდსა და სისტემის მზაობაზე მითითებები საკმარისი არაა

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი დამძიმებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი გასცეს. განცხადების მიხედვით, მხოლოდ საწოლფონდსა და სისტემის მზაობაზე მითითებები საკმარისი არ არის. 

"სახალხო დამცველის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმური კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები.

განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია COVID 19-ის შემთხვევების აუდიტის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის შედეგების თაობაზე. კერძოდ, ამ დროისთვის რამდენი შემთხვევა გაანალიზდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა. ასევე, კონკრეტულად რა ზომების მიღებაა დაგეგმილი და როდისთვის გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად". - წერია განცხადებაში. 

ომბუდსმენის განცხადებაში მაგალითად 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევა არის მოყვანილი. პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადება ჰქონდა, თუმცა, მშობლების არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ის კლინიკაში დროულად არ გადაიყვანეს. 

"30 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს სპეციალური კომისია განიხილავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 სექტემბრის № 01-482/ო ბრძანებით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში COVID 19-ის შემთხვევების მართვის კლინიკურ აუდიტს მოწვეული ექსპერტების ჯგუფი ახორციელებს, რომელიც მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, ამზადებს რეკომენდაციებს COVID 19-ის შემთხვევების მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად". - ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.  

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო 29 ნოემბერს გარდაიცვალა. როგორც მისი დედა ამბობს, პაციენტი ჰოსპიტალში არ გადაჰყავდათ, შემდეგ კი ერთი ადგილი "ნაცნობობით" იპოვეს. დედის, ირმა ხელაშვილის თქმით, გოგონას დიაბეტი ჰქონდა და თხოვნის მიუხედავად, ის კლინიკის ნაცვლად, Covid სასტუმროში გადაიყვანეს. 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კი 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე ამბობს, რომ "ჩვენთან რომ ერთი ხდება, ევროპაში 5-10-ია ასეთი შეცდომა." 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით კი, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებული პირების სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და, სტატისტიკიდან გამომდინარე, ეს მოსახლეობისთვის ძალიან რთული ასახსნელია. 

5 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 158 154 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 129 210 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 462 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 482.

კომენტარები