აშშ-ჩინეთი

აშშ-მ ჩინეთთან პროპაგანდისტული გაცვლითი პროგრამები გაწყვიტა

PRI

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთთან ხუთი კულტურული გაცვლითი პროგრამა შეაჩერა. სახელმწიფო დეპარტამენტი პროგრამებს „რბილი ძალის პროპაგანდისტულ იარაღს“ უწოდებს. 

აღნიშული პროგრამებია Policymakers Educational China Trip Program, U.S.-China Friendship Program, U.S.-China Leadership Exchange Program, U.S.-China Transpacific Exchange Program და Hong Kong Educational & Cultural Program.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პროგრამები ორმხრივი საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლის შესახებ კანონით (MECEA) შეიქმნა - 1961 წლის კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ და მიზნად ისახავდა უცხო ქვეყნებთან აკადემიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ, მართალია, MECEA-ს სხვა პროგრამები ორმხრივად სასარგებლოა, თუმცა, აღნიშნულ ხუთ პროგრამას სრულად აფინანსებს ჩინეთის მთავრობა და ფუნქციონირებს, როგორც რბილი ძალის პროპაგანდისტული იარაღი.

4 დეკემბერს აშშ-ს ეროვნული დაზვერვის უფროსმა, ჯონ რეტკლიფმა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ჩინეთი ყველაზე დიდი საფრთხეა. მისივე თქმით, ჩინეთი გლობალურ ბატონობას ესწრაფვის.

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს აშშ-მ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი კომუნისტური პარტიის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო წესები გაუმკაცრა

10 სექტემბერს აშშ-მ 1 000-ზე მეტ ჩინეთის მოქალაქეს ვიზა გაუუქმა. უსაფრთხოების რისკების გამო ჩინელ სტუდენტებს და მკვლევრებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ. ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს შპიონაჟში, ამერიკული ტექნოლოგიების, სამხედრო და სხვა ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებს. პეკინი ბრალდებებს უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ 13 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონფუცის ინსტიტუტის აშშ-ს ცენტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო მისიად გამოაცხადა.

ასევე, 22 ოქტომბერს აშშ-მ დამატებით ექვსი ჩინური მედია საგარეო მისიად, პროპაგანდისტად გამოაცხადა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ამ ნაბიჯით აშშ კომუნისტურ პროპაგანდას ეწინააღმდეგება. ჯამში, აშშ-მ წელს 15 ჩინურ სახელმწიფო მედიას მიანიჭა საგარეო მისიების სტატუსი.

 

ამჟამად ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ სავაჭრო ომის, ჰონგ-კონგის, ტაივანის, ჩინეთის სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების და სხვა საკითხების გამო.

კომენტარები