არცევნები 2020

ნიჟარაძე: შემაჯამებელი ოქმების 8%-ში გამოიკვეთა დისბალანსი – აუცილებელი იყო ხმების გადათვლა

რადიო თავისუფლება

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე პრობლემური იყო. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა ISFED-ის რეკომენდაცია, გადაეთვალათ შედეგები, ამიტომ, მისივე სიტყვებით, საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა.

"ჩვენ არჩევნების მეორე დღეს ვთქვით, რომ შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იკვეთებოდა დისბალანსი და ამის გარდა, სხვა პრობლემებიც იყო - გადაკეთებული შემაჯამებელი ოქმები. ტექნიკურ ხარვეზებზე არც კი ვსაუბრობ. იმისთვის, რომ ამაზე გაგვეცა პასუხი, აუცილებელი იყო, საარჩევნო ადმინისტრაციას ის გაეკეთებინა, რასაც პირველივე დღიდან მოვუწოდებდით. ძალიან ცალსახა და კონკრეტული რეკომენდაცია მივეცით, რომ გადაეთვალათ შედეგები.

ეს რომ არ გააკეთა საარჩევნო ადმინისტრაციამ, ამან გამოიწვია ის, რომ საზოგადოებაში არის კითხვები და ყველას აქვს განსხვავებული ინტერპრეტაცია იმისა, რატომ გვქონდა წელს ბევრი პრობლემური შემაჯამებელი ოქმი. რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს ამის უფლება, როდესაც უფლებამოსილი ორგანო დასაბუთებულ, ობიექტურ პასუხს არ იძლევა კითხვაზე, რომ რა პრობლემაა და რატომ გვაქვს ასეთი ცუდად შედგენილი შემაჯამებელი ოქმები. აღარ უნდა უკვირდეთ, რომ საზოგადოებაში არის ეს კითხვები და ყველას აქვს განსხვავებული მიდგომა და ინტერპრეტაცია". –თქვა ნიჟარაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

მისი თქმით, ცესკომ ვერ შეძლო არჩევნების მიმართ სანდოობის უზრუნველყოფა და ვერ მოახერხა, რომ დაეცვა თავისი რეპუტაცია. 

"ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვაკვირდებით პროცესს, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია იგნორირებას ახდენს იმ პრობლემის, რაც, რეალურად რომ ვთქვათ, თავად საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნა. საარჩევნო პროცესს მთლიანად ატარებდა საარჩევნო ადმინისტრაცია ნებისმიერ დონეზე - საუბნო კომისიიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩათვლით. დღეს ეს დამოკიდებულება, რომ პირიქით, ცდილობენ საზოგადოებაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა, არის სრულიად არაადეკვატური მიდგომა და შექმნილი პრობლემის მასშტაბის ვერ/არ გააზრება.  

საარჩევნო ადმინისტრაციამ იმის მაგივრად, რომ ყოფილიყო ორგანო, რომელიც იცავს ამომრჩევლების ხმებს და ინტერესებს, რეალურად, საერთოდ გაუგებარი პოზიცია დაიკავა ამ პროცესში". – ამბობს ნიჟარაძე. 

ნიჟარაძის თქმით, ცესკოს მთავარი ხარვეზი იყო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მიდგომა - ისინი მხედველობაში არ იღებენ დამკვირვებელი ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური პარტიების საჩივრებს, ზედაპირულად განიხილავენ პრობლემებს და, მისივე სიტყვებით, მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას. 

"შემდეგ მათივე მხრიდან არის მოთხოვნა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ასე ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობა, რაც სრულიად წარმოუდგენელია. არანაირი გონივრულობის ფარგლებში არ ჯდება. ძალიან სამწუხარო იყო, რომ დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა საარჩევნო ადმინისტრაციამ იმის დემონსტრირება, რომ მათ ვერ გაიგეს შექმნილი პრობლემა და არ უპასუხეს ამ პრობლემას შესაბამისად - როგორც უნდა ემოქმედა დამოუკიდებელ ორგანოს დემოკრატიულ სახელმწიფოში. მათ უნდა შეესწავლათ ეს მასალები". – ამბობს ნიჟარაძე.   

NDI-ს დირექტორმა, ალან გილამმა Civil.ge-ს კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა 2020 წლის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს შედეგებზე გავლენა ჰქონოდა, უპასუხა, რომ ამ საკითხზე ვერ ისაუბრებდა, სანამ გასაჩივრების პროცესის შედეგები არ გახდებოდა ცნობილი. 

თუმცა აღსანიშნავია, რომ ISFED-ისა და TI-ის მიერ შეტანილი საჩივრები საარჩევნო კომისიებმა, ორგანიზაციების ინფორმაციით, ან უსაფუძვლო მიზეზით განხილვის გარეშე დატოვეს, ან არ დააკმაყოფილეს. 

დღეს, 3 დეკემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა. შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების სხდომა ცესკოს შენობაში ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები