კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ქვეყანაში 538 თავისუფალი საწოლია

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 7 103 საწოლია მობილიზებული. მისივე თქმით, 3 დეკემბრის დილის 9 საათის მონაცემებით, ქვეყანაში 538 თავისუფალი საწოლია. 

"დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 7 103 საწოლი. აქედან დატვირთული არის 6 329 - დილის 9 საათის მდგომარეობით ასე იყო. აქედან ტრიაჟის, ანუ შეფასების პროცესში არის 255 პაციენტი, ინტენსიურ საწოლზე არის 1 243 და ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება 378-ს.  

ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 538. აქედან ყველაზე მეტად დატვირთულია, რა თქმა უნდა, ისევ თბილისის საწოლფონდი. ამდენად, პაციენტების ნაკადების მართვა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემა არ არის, რომ მძიმე პაციენტი კლინიკაში მოხვდეს - ნამდვილად არა. კლინიკები მუშაობენ მაქსიმალური დატვირთვით, 90-95%-იან დატვირთვაზე მუშაობენ". – ამბობს გაბუნია. 

3 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 027 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 390 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა. თბილისში 486 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 152, იმერეთში - 218. მართვით სუნთქვაზე თბილისში 206 ადამიანია, აჭარაში - 45, იმერეთში - 43.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები