კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: რემდესივირი მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან, რატომ უნდა იყოს კრიტიკის საგანი?!

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

"რემდესივირის გადასხმიდან მეორე დღეს დაიწყო ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება და 5 დღეში ჩემმა იმუნურმა სისტემამ საწყის ზღვარს მიაღწია. მე ვერ ვამტკიცებ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია „რემდესივირთან“, რადგან ერთი ადამიანით ამის მტკიცება შეუძლებელია. ფაქტია, რომ ჩემზე ასე იმოქმედა". – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

ცერცვაძის ინფორმაციით, "რემდესივირი" საქართველოში, დაახლოებით, ორ კვირაში შემოვა. მან გადაცემაში საზოგადოების კრიტიკასაც უპასუხა, თუ რატომ არის პრეპარატი ხელმისაწვდომი მისთვის და არა სხვა მოქალაქეებისთვის. 

"არ შეიძლება, რომ კრიტიკა, უკმაყოფილება მოდიოდეს ნებისმიერ შემთხვევაში. როდესაც მე ვიყავი ინიციატორი ქვეყანაში „რემდესივირის“ შემოტანის, ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამომიჩნდა, რატომ შემომქონდა მედიკამენტი, რომელიც ყველას მიერ არ არის მოწონებული. მე ჩემს თავზე შემიძლია გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც ჯანმო-ს მიერ უარყოფილი მედიკამენტი გავიკეთო, თუ მე მისი მწამს. ახლა წამოვიდა მეორე კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის და არ არის სხვებისთვის. ეს არ იყო სახელმწიფო მარაგიდან, მედიკამენტი ჯერ არ შემოსულა. გუშინწინ მოეწერა ხელი, ჩემი გაჯანმრთელების მერე დადგენილებას და მედიკამენტი, დაახლოებით, ორ კვირაში შემოვა. მე მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ეს ვის შეუძლია შეზღუდოს, თუკი პაციენტს და მითუმეტეს, ექიმს სწამს ამ მედიკამენტის, რატომ უნდა იყოს კრიტიკის საგანი?!". – ამბობს ცერცვაძე. 

თენგის ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს კი ის სტაციონარიდან სახლში გაეწერა. 

კომენტარები