კორონავირუსი საქართველოში

"კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის" სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

"კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის" სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, რაც გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, ქვეყნის მასშტაბით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას ქვეყანაში". – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში, დაახლოებით, მარტი-აპრილის თვეებში იქნება ხელმისაწვდომი. 

ქვეყანა Covax-პლატფორმასთან თანამშრომლობს და მთავრობის ცნობით, მათ უკვე აქვთ შეკვეთილი ვაქცინის 700 000 დოზა. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, პლატფორმამ საქართველოს თანხის წინასწარი შეტანისას კარგი პირობები შესთავაზა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ქვეყანას შეეძლება, თავად აირჩიოს, რომელი ვაქცინა სურს. 

"ჩვენ რომ გადავიხადეთ 4-ნახევარი მილიონი, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ პირობა იყო, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ანუ, რასაც გვიკარნახებენ, იმას კი არ შემოვიტანთ, არამედ ავირჩევთ". – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმითვე, საკოორდინაციო საბჭოს აქვს დავალება, რომ იმუშაონ პირდაპირ შესყიდვებზე. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, გარდა Covax-პლატფორმისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რამდენიმე კომპანიასთან პირდაპირ შესყიდვასთან დაკავშირებითაც თანამშრომლობს. 

"დიდი ტელეკონფერენცია გვქონდა ასტრა ზენეკასთან და ოქსფორდის ვაქცინასთან და მათთან პირდაპირ შესყიდვასთან. ასევე, ჩვენი საელჩოების მეშვეობით რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ იმაზე, რომ გარკვეული დოზები, როგორც კი დაიწყება, სხვა ქვეყნებში ვაქცინაცია, ასევე შესაძლებელი იყოს [ჩვენთანაც]". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

კომენტარები