უნგრეთი

ორბანის პარტიის წევრი ევროპარლამენტარი 25-კაციანი ორგიიდან გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს

იოზეფ საიერი
France 24

უნგრელი ევროპარლამენტარი, უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიკტორ ორბანის კონსერვატიული პარტია ფიდესის წევრი, იოზეფ საიერი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ბელგიის პოლიციამ ის კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევით ჩატარებულ წვეულებაზე დააკავა.

საიერი წვეულებიდან, რომელსაც ადგილობრივი მედია ორგიას უწოდებს, გაქცევას ფანჯრიდან ცდილობდა. წვეულებაზე სულ 20 კაცი დააკავეს და 250 ევროთი დააჯარიმეს. ევროპარლამენტარის გარდა, დიპლომატიური იმუნიტეტი გამოიყენა ორმა დაკავებულმა.

გადადგომის წერილის დაწერისას საიერმა თქვა, რომ თანამდებობას პირადი მიზეზების გამო ტოვებდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ წვეულებაზე დააკავეს და პოლიციამ მას ექსტაზი უპოვა.

ის უარყოფს ორგიაში მონაწილეობას და ამბობს, რომ არ იცოდა ექსტაზის შესახებ. საიერმა საკუთარ ოჯახს ბოდიში მოუხადა, თუმცა მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო.

საიერი 1990-2002 წლებში უნგრეთის პარლამენტის წევრად 4-ჯერ აირჩიეს. ასევე 4-ჯერ აირჩიეს ის ევროპარლამენტარად 2004 წლის შემდეგ. ის მონაწილეობდა უნგრეთის ახალი კონსტიტუციის შექმნაში, რომელიც კამათის საგანი გახდა. ერთ-ერთი საკითხი კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა და კაცის ერთობად განსაზღვრა იყო.

კომენტარები