კორონავირუსი საქართველოში

ორ დღეში შრომის ინსპექციამ 2 309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა, 2 738 გააფრთხილა, 2 დააჯარიმა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 2 309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა, 2 738-ს გაფრთხილება მისცა, 2 კი დააჯარიმა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყებამ ის დაწესებულებები შეამოწმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით (იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ) აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ.

"შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს "ონლაინ მეჯიქ" ე.წ "რეფორმერიფიტნესი" აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა". – ნათქვამია ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებაში.

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბათუმში, ფიტნესცენტრ Reformerfitness-ს საცხოვრებელ სახლად ქირაობს და ნებისმიერ მსურველს სავარჯიშოდ ეპატიჟება. 

უწყება იტყობინება, რომ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. N322-ე დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები