ჯაფარიძე: Reformerfitness-ს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ივარჯიშოთ

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბათუმში, ფიტნესცენტრ Reformerfitness-ს საცხოვრებელ სახლად ქირაობს და ნებისმიერ მსურველს სავარჯიშოდ ეპატიჟება. 

"ვქირაობ მთელ ამ დარბაზს, ზეპირი ხელშეკრულებით, ჩემს საცხოვრებელ სახლად. ბათუმში მექნება საცხოვრებელი სახლი, სანამ ეს რეგულაციები არსებობს, სადაც მექნება სავარჯიში ინვენტარი, რომელსაც აქირავებს გიორგი ფართთან ერთად და ვისაც სურვილი გაქვთ რომ ივარჯიშოთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემთან სტუმრად სახლში და ივარჯიშოთ". – ამბობს ჯაფარიძე facebook მიმართვაში. 

მისივე თქმით, ხვალიდან შემოსვლის უფლება არავის აქვს და შრომის ინსპექციას შეუძლია შეამოწმოს, "მუშაობს თუ არა სალარო აპარატი და გაბრუნდეს უკან". 

Reformerfitness-ი შრომის ინსპექციამ აკრძალვების მიუხედავად მუშაობის გამო დააჯარიმა. ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის მუშაობის შეჩერებას არ აპირებდა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 28 ნოემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფიტნესცენტრებმა და საცურაო აუზებმა მუშაობა უნდა შეაჩერონ.

ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა დღეიდან - სრულად წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები