შსს: არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს

Reuters

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფია პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას, შენახვას, ფლობას ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობას. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები