კორონავირუსი საქართველოში

შეზღუდვები, რომლებიც, შესაძლოა, ამოქმედდეს – მაია ცქიტიშვილის განმარტება

საქართველოს მთავრობა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში დამატებით ამოქმედდეს. 

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, შეზღუდვები მობილობის შემცირებისკენ იქნება მიმართული. მისივე თქმით, ამ დროისთვის საბჭოს კონკრეტული გადაწყვეტილება შეზღუდვებთან დაკავშირებით არ აქვს მიღებული. 

"ყველაზე აქტიური და ქმედითი ზომა არის მობილობის შემცირება. სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომლებიც, შესაძლოა, იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვა - კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით.  

შესაძლებელია ამ ზომების კომბინაცია. მთელს მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომლებიც იქნება ქმედითი, ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტაზე და გავრცელების შენელებაზე და ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ეკონომიკას". - თქვა ცქიტიშვილმა. 

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები