სპეცოპერაცია წერეთელზე

ბუღაძე MBC-ზე თავდამსხმელზე: ლამისაა, ვიგინდარა გმირად შერაცხონ, დიდ მორალურ ქაოსში ვართ

მიკროსაფინანსოს "კაკო ყაჩაღმა" ის მძევლები გამოუშვა, ვინც წასვლა ითხოვაო და სხვები ნებაყოფლობით დარჩნენ მძევლებად? ანუ თანაუგრძნეს თუ გათავისუფლების თხოვნა ვერ შებედეს "ჰუმანისტს"? როგორ ხსნიან ამ უაღრესად დამაბნეველ ასპექტს "სოც-აქტივისტის" გულაჩუყებული მეხოტბეები - მძევლების მიმართ რომ არ იჩენენ დიდ მგრძნობელობას და, პირიქით, ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა?! მგონი, დიდ სააზროვნო და მორალურ ქაოსში ვართ... 

ყველაზე საშიში ისაა, რომ ეს ქმედება უკვე პრეცედენტულია (ზუგდიდის ბანკის დაყაჩაღების შემდეგ), ფაქტია, ამ კაცმა ზუგდიდელ დამყაჩაღებელ ესებუას მიბაძა - მართალია, უფრო "ვეგეტარიანული" ფორმით (კიდევ კარგი), მაგრამ ეს არანაირი შეღავათი არ არის ისედაც დაუცველი საზოგადოებისა და მით უმეტეს მძევლებისათვის, რომლებიც თურმე გაგებით უნდა მოკიდებოდნენ ამგვარ სოციალურ "პერფორმანსს", და მაშინვე მიმხვდარიყვნენ, რომ ყუმბარა უბრალო სანთებელა ყოფილა! აწი გვეცოდინება, ეს მხოლოდ პროტესტი ყოფილა.

წერს მწერალი ლაშა ბუღაძე Facebook-ზე. 20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო MBC-ში ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა. თავდამსხმელმა პარლამენტარებს 3 მოთხოვნა წაუყენა: აიკრძალოს აზარტული თამაშები, საბანკო სესხებზე დაწესდეს 7%-იანი წლიური პროცენტი და გაიაფდეს წამლები. ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელში არა ხელყუმბარა, არამედ ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და მიკროსაფინასოში შეჭრა "პერფორმანსი" იყო.

კომენტარები