მაიკ პომპეოს ვიზიტი

აშშ: პომპეო ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, აშშ-ს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ "სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას."

ამასთანავე საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მაიკ პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუების გაძლიერებისთვის ძალისხმევას. ამასთანავე, ნათქვამია, რომ " სახელმწიფო მდივანი ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე."

მაიკ პომპეო საქართველოს დღეს, 17 ნოემბერს ეწვია. ვიზიტი სახელმწიფო მდივნის ტურნეს ფარგლებში გაიმართა. საქართველომდე პომპეო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში და თურქეთში. 

ცნობილია, რომ მაიკ პომპეო შეხვედრას გამართავს პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივანი, ასევე, შეხვდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებზე მუშაობენ.

 

კომენტარები