ახალი კორონავირუსის 16 785 აქტიური შემთხვევიდან 787 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 375 თბილისში მკურნალობს, 173 იმერეთში, ხოლო 135 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 363 ინფიცირებული იმყოფება, 170 – თბილისში, 110 – აჭარაში.
საავადმყოფოებში სულ 5 658 ადამიანი მკურნალობს, 3 315 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 7 812 – ბინაზე.
16 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 82 835 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა, 733 კი - გარდაიცვალა.
მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.





