ევროპის ლიგა 2021

შოთა არველაძე: ვერ დავეთანხმები სტადიონზე გულშემატკივრების არ დაშვების გადაწყვეტილებას

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე, 12 ნოემბერს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოს ნაკრები დამარცხდა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, თუმცა სტადიონზე იმყოფებონდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში, ლევან კობიაშვილი.

შოთა არველაძის აზრით კი, ქართველი გულშემატკივარი გუშინდელ თამაშში მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო.

"ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩში ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს ჯერ არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა.

ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით, ეს ფაქტორი ჩვენს სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას.

მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს". - წერს არველაძე.

კომენტარები