მიხაილო თოდუას საქმე

მიხაილო თოდუა: ისევ ბუნდოვნად დარჩა, რატომ ვისჯები, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

MICHAILOSecretArea

მუსიკოსი მიხაილო თოდუა ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას შინაპატიმრობის ვადის გაზრდასთან დაკავშირებით არ ეთანხმება და მისთვის კვლავ ბუნდოვანია, თუ რატომ ისჯება. 

"ისევ ბუნდოვნად დარჩა, როგორი ბუნდოვანიც იყო აქამდე. ამას გავასაჩივრებთ და იმედი გვაქვს, გასაჩივრების შემთხვევაში მაინც მივაღწევთ სამართალს. 

ყველაფერი, რასაც ამბობს პრობაციის სამსახური ბრალის წარდგენის კუთხით, არის არასწორი. კანონიერი არ არის გადაწყვეტილება, მე არცერთი უფლება არ დამირღვევია. ახლა გამოვიდა ისე, რომ მე მადლობელი უნდა ვიყო, რომ ეს 2 საათი მომაკლეს და წლითა და ათი თვით არ შემაბრუნეს ციხეში. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულ ერთი იყო, ახლა გარეთ დამტოვებდნენ თუ შემაბრუნებდნენ სამართლიანობის ძებნაში. არ დავიღლები და ვიბრძოლებ სანამ ცოცხალი ვარ, რომ ჩემი სამართლიანობა დავამტკიცო. თუ მსჯიან, რატომ მსჯიან მითხრან მაინც გასაგებად". - ამბობს მიხაილო თოდუა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა, მუსიკოს მიხაილო თოდუასთვის გაუქმებულიყო შინაპატიმრობა და მის მიმართ კვლავ საპატიმრო სასჯელი გამოეყენებინათ. 

თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუსიკოსს საღამოს 19:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე სახლიდან გასვლა ეკრძალება. აქამდე მას სახლიდან გასვლა 21:00 საათიდან ეზღუდებოდა და პრობაციიდან სპეციალური ნებართვა ესაჭიროებოდა. 

იმისათვის, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე დაეკრა, DJ ყოველთვის აფრთხილებდა შესაბამის უწყებებს და იღებდა სპეციალურ ნებართვას. ასე მოიქცა ის ოქტომბერში გირჩის მიერ ორგანიზებულ ერთერთ ღონისძიებაზეც და სპეციალური ნებართვაც მიიღო, რომელიც მოგვიანებით, პრობაციის სამსახურმა ვალიდურად არ ცნო, ვინაიდან ღონისძიება პოლიტიკური იყო. 

აქედან გამომდინარე, პრობაციის სამსახურმა მისთვის დარჩენილი 1.8 წლის შინაპატიმრობის ნაცვლად პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. 

მუსიკოსი მიხაილო თოდუა პატიმრობიდან გასული წლის 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

მიხეილ თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. საბჭომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. მიხაილოს ელექტროსამაჯური უკეთია.

მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი, მიხაილო თოდუა, 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თოდუას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა თანხა ვერ გადაიხადა. მუსიკოსი მუშაობას საპატიმროშიც აგრძელებდა - გამოუყვეს ოთახი, რომელიც სტუდიად გადააკეთა და რამდენიმე ალბომიც გამოუშვა.

კომენტარები