სომხეთმა აზერბაიჯანთან და რუსეთთან ხელი მოაწერა ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას

ნიკოლ ფაშინიანი
mediamax

სომხეთის პრემიერმინისტ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მან 10 ნოემბერს, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა.  

"ძვირფასო თანამემამულენო, დებო და ძმებო. მე პირადად მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის". – წერს პრემიერმინისტრი

ფაშინიანის თქმით, შექმნილ ვითარებაში, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. 

"ქედს ვიხრი ჩვენი ყველა მსხვერპლის წინაშე. თაყვანს ვცემ ჩვენს ყველა ჯარისკაცს, ოფიცერს, გენერალს, მოხალისეს, ვინც საკუთარი სიცოცხლით დაიცვა და იცავს სამშობლოს". – აღნიშნა მან.

ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას მომავალ დღეებში მიმართავს.

"ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვებთ..." – წერს სომხეთის პრემიერმინისტრი.  

9 ნოემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ აღიარა, რომ მათ დაკარგეს კონტროლი რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქ შუშაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსპიკერი, ვაგრამ პოღოსიანი. 

ქალაქ შუშის აღების შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ გუშინ განაცხადა.

ქალაქი შუშა რეგიონის სიდიდით მეორე და სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია, რომელიც რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტიდან 11 კილომეტრით არის დაშორებული. 

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის ლაპარაკია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 17 ოქტომბერს, ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანმა ბაქო დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი.

კომენტარები