კორონავირუსი საქართველოში

ვიცეპრემიერი: ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, თუ აქციებზე წესებს არ დაიცავენ

საქართველოს მთავრობა

ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს, ქუჩებში "წესების დაცვის გარეშე" ხდება და ეს ყველაფერი აისახება ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სტატისტიკაზეც. 

"ბუნებრივია, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე და ჩვენ გვექნება კიდევ უფრო სწრაფი ზრდა". – თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

ვიცეპრემიერის შეფასებით, თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილე არ გაიაზრებს, რომ თავიანთი პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში და არ დაიწყებენ ყველა წესის შესრულებას, ეს ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფ და მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. 

"ჩვენთვის, რა თქმა უნდა, დღეს აუცილებელია, რომ მოხდეს მთელი ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები". – თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

ვიცეპრემიერმინისტრი, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებს გულისხმობს, რომლებიც 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და ცესკოსგან ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 401 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 20 და გამოჯანმრთელდა 2 289 ადამიანი. 

5 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 33 459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 401 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები