კორონავირუსი საქართველოში

5 ნოემბრიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ისევ დაიხურება

FrontNews.Ge

5 ნოემბრიდან თბილისში საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ისევ დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა და აღნიშნა, რომ შეზღუდვა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორებამდე გაგრძელდება.

"ვუფრთხილდებით მომავალი თაობების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას" - აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, ბაღებში ის სოციალური პროექტი გაგრძელდეს, რომლის მიხედვითაც, მშობლებს აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი რაციონის სახლში წაღება შეეძლებათ. 

აჭარის რეგიონის და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოს ბაგა-ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა.

4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები