კორონავირუსი საქართველოში

მთელ საქართველოში 22:00 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობა აიკრძალა

luxuryresortphotography.com

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, რესტორნები 22:00 საათის შემდეგ ვეღარ იმუშავებენ. აქამდე ეს წესი მხოლოდ თბილისზე, ქუთაისზე, მცხეთასა და ბათუმზე ვრცელდებოდა. 

ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა. საბჭოს გადაწყვეტილებითვე, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. 

"იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნებში გამართულ ღონისძიებებსა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რესტორნებმა იმუშაონ 22:00 საათამდე". – თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 20 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი. 

3 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები