კორონავირუსის 15 262 აქტიური შემთხვევიდან 503 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 228 თბილისში მკურნალობს, 83 – აჭარაში. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 223 პაციენტი იმყოფება, 96 – თბილისში, 77 – აჭარაში.
15 262 აქტიური ინფიცირებული შემთხვევიდან 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 046, აჭარაში - 696.
მეზვრიშვილის ცნობით, 2 204 პირი კოვიდ-სასტუმროშია მოთავსებული, მათ შორის, 1 068 - აჭარაში, ხოლო 826 - თბილისში. 8 870 პირი კი ბინაზე მკურნალობს.
პირველი ნოემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 532 თბილისში, 369 - აჭარაში, ხოლო 392 - იმერეთში აღირიცხა.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათში თბილისში 10 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 7, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1. სულ გასულ დღე-ღამეში 28 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა COVID 19-ს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 40 727 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 25 104 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 15 262 აქტიური შემთხვევაა, 31 ოქტომბერს ეს რიცხვი 15 912 იყო.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.





