კორონავირუსი საქართველოში

"კარგი ამინდი მოქმედებს, თბილა" – გამყრელიძე ინფიცირების შემთხვევების მცირედით კლებაზე

იმედი

"დადებითს ნუ დავარქმევთ, პირველი ნიშანი შეიძლება იყოს სტაბილიზაციის, მაგრამ ზრდა მაინც შეიძლება იყოს, მე ტყუილად არ მოვიყვანე ამინდი, ამინდი კარგია, მოქმედებს, თბილა ჯერჯერობით" – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კითხვას, რას უკავშირდება ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების კლება.

ამირან გამყრელიძის შეფასებით, ასევე, გაიზარდა ქვეყანაში პირბადის ტარების კულტურა.

"აშკარად, ალბათ, ატყობთ ქუჩებშიც, რომ გაიზარდა, მაგრამ არასაკმარისად" – თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ თუ პირბადის ტარების ნიშნული 95%-მდე ავა, ინფიცირების შემთხვევები "მართლა სერიოზულად განახევრდება" და სერიოზულად დაიკლებს. 

"დისტანციასთან, ხელის დაბანასთან, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდებასთან ერთად, ეს რამდენიმე ფაქტორია, რითაც ოდნავ გამოჩნდა სტაბილიზაციის ელემენტი, ამით შემიძლია მხოლოდ ავხსნა" – ამბობს გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ თუ საფრანგეთის ტენდენციას შევხედავთ, აცივებასთან ერთად გარკვეულად კორელირებს შემთხვევათა რაოდენობის ზრდა.

"ანუ ნოემბერ-დეკემბერში უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევათა ზრდა იქნება და მათ შორის, ჩვენთანაც" – თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 052 PCR ტესტი ჩატარდა. აქედან 1696 (15.3%) პასუხი დადებითი იყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი დღეა, ყოველდღიურად იმატებს ტესტირების რაოდენობა, ინფიცირების შემთხვევები კი იკლებს.

  • 29 ოქტომბერი - ჩატარდა 11 052 PCR ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 696 შემთხვევა (15.3%).
  • 28 ოქტომბერი - ჩატარდა 10 011 PCR ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 709 შემთხვევა (17.07%).
  • 27 ოქტომბერი - ჩატარდა 9 126 PCR ტესტი, დადებითია 1731 პასუხი (18.9%).
  • 26 ოქტომბერი - ჩატარდა 8 589 PCR ტესტი, დადებითი აღმოჩნდა 1 824 პასუხი (21.2%).
  • 25 ოქტომბერი - 5 692 PCR ტესტი, დადებითი აღმოჩნდა 1872 პასუხი (33%);

30 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 19 810 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 17 168 აქტიური შემთხვევაა, 29 ოქტომბერს ეს რიცხვი 18 390 იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები