ტერორისტული თავდასხმა საფრანგეთში

საფრანგეთის შს მინისტრი: იყო და იქნება ასეთი საზარელი თავდასხმების მსგავსი მოვლენები

საფრანგეთს შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი აცხადებს, რომ საფრანგეთში მოსალოდნელია მეტი თავდასხმები. მისი თქმით, საფრანგეთი ჩართულია "ისლამისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ომში".

"ჩვენ ომში ვართ მტრის წინააღმდეგ, რომელიც არის როგორც შიგნით, ასევე გარეთ... უნდა გვესმოდეს, რომ იყო და იქნება სხვა მოვლენები, როგორიცაა ეს საზარელი თავდასხმები" - განაცხადა მინისტრმა.  

29 ოქტომბერს ტუნისელი კაცი ტაძარში მყოფ პირებს დანით დაესხა თავს და 3 ადამიანი მოკლა. მას პოლიციამ ესროლა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულებს შორის არის 60 წლის ქალი, რომელსაც თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა. ასევე 55 წლის კაცი და 44 წლის ქალი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, თუმცა დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო მოგვიანებით გარდაიცვალა.

თავდამსხმელს თან ცივი იარაღის გარდა ჰქონდა ორი მობილური ტელეფონი და ყურანი. ქალაქის მერის თქმით, დაკავების დროს ის იმეორებდა ფრაზას "ალაჰი უზენაესია".

მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და თქვა, რომ ეს ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა იყო.

რამდენიმე დღის წინ, პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

კომენტარები