ბელარუსი

ლუკაშენკო ბელარუს სტუდენტებზე: ვინც აქციებზე წავიდა, გააძევეთ

ABC

ალექსანდერ ლუკაშენკო ბელარუსის უნივერსიტეტებს მოუწოდებს, გააძევონ სტუდენტები, რომლებიც აქციებში მონაწილეობას იღებენ. 

"ვინც არასანქცირებულ აქციებზე წავიდა, კანონი დაარღვია, კარგავს უფლებას, იყოს სტუდენტი. გთხოვთ, როგორც მე ვთქვი, გაუშვით ისინი არმიაში და ზოგი ქუჩაში. მიეცით მათ უფლება, იარონ ქუჩაში. თუმცა, ისინი გაძევებულნი უნდა იყვნენ უნივერსიტეტიდან. იგივე ეხებათ მასწავლებლებს". –განაცხადა ლუკაშენკომ. 

მან ისიც მოითხოვა, რომ სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების მშობლებმა თავიანთი შვილები ქუჩას მოაშორონ, რადგან მოგვიანებით მათ არ ავნონ.

26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა.

გაფიცვას შეუერთდნენ სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლები. გაფიცულებმა დაწესებულებების ტერიტორიაზე მსვლელობები მოაწყვეს, ზოგიერთი თანამშრომელი უბრალოდ არ მივიდა სამსახურში. სახელმწიფო დაწესებულებებთან შენიშნეს სპეციალური დანიშნულების რაზმის მანქანები. ბევრ კომპანიაში ოფიციალურად ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ. გაფიცვას შეუერთდა სხვადასხვა კერძო კომპანიის თანამშრომელიც. ბელარუსის უნივერსიტეტების სტუდენტებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ზოგიერთ უნივერსიტეტში მჯდომარე პროტესტის აქცია გაიმართა.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა. ულტიმატუმის თანახმად, თუ 25 ოქტომბრამდე ალექსანდრ ლუკაშენკო არ გადადგება, არ შეწყდება დემონსტრანტებზე ძალადობა და არ გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მასობრივი გაფიცვა დაიწყება. ტიხანოვსკაიას თქმით, ეს სახალხო ულტიმატუმია.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები