აშშ-ის არჩევნები

ჯენიფერ ენისტონი: ქანიე ვესტისთვის ხმის მიცემა სასაცილო არ არის

ჯენიფერ ენისტონმა Instagram-ზე დაწერა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა და ხალხსაც იმავესკენ მოუწოდა.

მისი თქმით, მან ხმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს - ჯო ბაიდენსა და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს მისცა.

"ჩვენმა ახლანდელმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ რასიზმი არ არის პრობლემა. მან განმეორებით და საჯაროდ არ მიაქცია ყურადღება მეცნიერებას... ბევრი ადამიანი დაიღუპა". – დაწერა მსახიობმა.

ჯენიფერ ენისტონმა თავის გამომწერებს სთხოვა, რომ ხმის მიცემის დროს LGBTQ თემის, რასიზმის, მოხუცებისა და გარემოს პრობლემები გაითვალისწინონ.

"ეს ყველაფერი ერთ კანდიდატს არ შეეხება, ჩვენ ამ ქვეყნისა და მსოფლიოს მომავალს ვირჩევთ. ხმა მიეცით თანასწორობისთვის, სიყვარულისთვისა და წესიერებისთვის". – დაწერა მსახიობმა.

პოსტის დასასრულს ის ქანიე ვესტსაც შეეხო, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებს და უკვე წინასაარჩევნო კლიპიც გამოაქვეყნა.

"სასაცილო არ არის ქანიესთვის ხმის მიცემა. არ ვიცი, ეს უფრო მეტად როგორ ავხსნა. გთხოვთ, იყავით პასუხისმგებლიანები". – დაწერა მსახიობმა.

კომენტარები