კორონავირუსი საქართველოში

"თავის საფრანგეთს მიხედოს" – ცერცვაძე ბოჭორიშვილის კრიტიკის პასუხად

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

"თავის საფრანგეთს მიხედოს." - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმის, რევაზ ბოჭორიშვილის კრიტიკას.  

"იქნებ მორჩეს საქართველოში ცრუ დაიმედება რემდესივირის, პლაქვენილის და სხვა გაურკვეველი მეთოდების ეფექტურობასა და მათ გამოყენებაზე.. მარტო "ტრამპის პროტოკოლს" (მეცნიერულად არარსებულს) გამოვიყენებთო, რად ღირს.

საქართველოში დღეს რაც ხდება, მსგავსი დაბოლების, კოვიდის გაპოლიტიზირებისა და მკერდში მჯიღების ცემის შედეგიცაა." - დაწერა ბოჭორიშვილმა Facebook-ზე 18 ოქტომბერს.  

ცერცვაძე საპასუხოდ წერს, რომ საქართველო ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად საფრანგეთს ყველა მაჩვენებლით სჯობნის. 

"ისეთი რა ხდება ბატონო რევაზ, რაც საფრანგეთში არ გინახავთ? [...] კიდევ აქეთ გვედიდგულებით? COVID-19-ის ახალი შემთხვევებითაც კი საფრანგეთში უარესი მდგომარეობაა 42 038 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე - 647), ვიდრე საქართველოში - 1941ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე - 511). 

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველომ ამას სწორედ COVID-19-ის უკეთესი მართვით, მათ შორის უკეთესი კლინიკური მართვით მიაღწია და არა ჩაკეტვებითა და შეზღუდვებით,რამეთუ ეს უკანასკნელი გაზაფხულზეც და მით უმეტეს ახლა გაცილებით უფრო მკაცრი და მასშტაბური იყო საფრანგეთში, ვიდრე საქართველოში (თუ გინდათ ჩამოგითვლით). ასე, რომ ბ-ნმა რევაზმა უმჯობესია თავის საფრანგეთს მიხედოს. ის მაინც გაიხსენოს რა საშინელებები ხდებოდა საფრანგეთში (და ევროპის სხვა ქვეყნებშიც), თუ რამდენი ხანი ელოდებოდნენ ავადმყოფები (მათ შორის მძიმე ავადმყოფები) ტესტის პასუხებს და ჰოსპიტალიზაციას და რამდენი ავადმყოფი მოუკვდათ ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრაც არ ეღირსათ, ან როგორ მიჰყავდათ მძიმე ავადმყოფები გადასარჩენად მეზობელ გერმანიაში. საქართველოში ხომ ჯერ-ჯერობით არაფერი მსგავსი არ ხდება." - წერს თენგიზ ცერცვაძე. 

დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 10 და გამოჯანმრთელდა 412 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 26 503 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 163 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 193 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები