კორონავირუსი საქართველოში

ოთახი გაანიავეთ, მიიღეთ სითხე, დააკვირდით სიმპტომებს – მთავრობა ბინაზე მყოფ ინფიცირებულებს

საქართველოს მთავრობა რეკომენდაციებს ავრცელებს იმ Covid-ინფიცირებული ადამიანებისთვის, ვინც უსიმპტომობის ან დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის გამო, ბინაზე რჩება. სახლებში აქტიური შემთხვევების დაახლოებით 2/3 მკურნალობს.

  • დარჩით სახლში – არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ ტაქსით;
  • დროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად, ოჯახის წევრებთან უშუალო კონტაქტის გარეშე. თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია, ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი;
  • არ გამოიყენოთ საერთო სარგებლობის ნივთები – ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი;
  • ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებით, გაწმინდეთ საგულდაგულოდ ხშირად შეხებადი ზედაპირები - მაგიდა, კარის სახელურები, მობილური ტელეფონი, ასევე სველი წერტილები. დასუფთავებისთვის გამოიყენეთ ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები, რომელიც შესაძლებელია, გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო პირობებში;
  • მიიღეთ ბევრი სითხე;
  • არ მიიღოთ ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე;
  • გააგრძელეთ მედიკამენტების რეგულარულად მიღება და არ შეცვალოთ მკურნალობის გეგმა ექიმის დაუკითხავად;
  • ხველის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოერიდეთ ზურგზე წოლას;
  • ყურადღებით დააკვირდით საკუთარ სიმპტომებს. თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესდა – გაქვთ სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, სახის ან ტუჩის მუდამოს ციანოზი და სხვა, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან 112-ს - ოპერატორი გააფრთხილეთ, რომ დადასტურებული გაქვთ Covid 19-ის ვირუსი;

22 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები