ახალი კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: გარე სივრცეში პირბადის ტარებას შსს და შრომის ინსპეცია გააკონტროლებენ

შსს

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეში მოქალაქეებმა პირბადე ატარონ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა.

მეზვრიშვილის თქმით, ჩამოთვლილ სამ დიდ ქალაქში გარე სივრცეებში პირბადის ტარებას შსს და შრომის ინსპექცია გააკონტროლებს. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ამ მოწოდებას რეკომენდაციის ხასიათი აქვს, თუმცა ეს მკაცრი რეკომენდაციაა.

"ამიტომ, გთხოვთ და მოგიწოდებთ, დღეიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში გარე სივრცეებში ატაროთ პირბადე. იქ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე. იმედი მაქვს, რომ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება იმისთვის, რომ ამ ცნობიერების ამაღლებაში და მიტითებაში პოლიციამ წვლილი შეიტანოს". – თქვა მეზვრიშვილმა.

დღეს, 23 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 5 და გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.

ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები