ISFED-ის ანგარიში

იაკობის ქადაგება და უგულავას პატიმრობა ISFED-ის ანგარიშში

ქორეპისკოპოს იაკობის საკვირაო ქადაგების დროს ადგილი ჰქონდა აგიტაციის ნიშნების შემცველ პოლიტიკურ მოწოდებებს, - ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების მე-2 ტურის წინასაარჩევნო ანგარიშშია აღნიშნული.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას დაკავებით ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებული მორატორიუმის პირობები დაირღვა.

ანგარიშის ავტორები აგრეთვე საუბრობენ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ლევან ბეჟაშვილის დაკავების შესახებ და აღნიშნავენ, რომ პარლამენტის წევრის დაკავებით საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი დაირღვა, რომლის თანახმადაც, პარლამენტის თანხმობის გარეშე პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება დაუშვებელია.

რაც შეეხება ქორეპისკოპოს იაკობის (კონსტანტინე იაკობიშვილი) საკვირაო ქადაგებას, სამართლიანი არჩევნების განცხადებით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, რელიგიურ ორგანიზაციებს წინასაარჩევნო აგიტაცია ეკრძალებათ.

„ქორეპისკოპოსი საკვარაო ქადაგებისას მოუწოდებს მრევლს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაუშვან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვება. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას - ამომრჩეველთა მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერ  საჯარო მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას. საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლი წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის დარღვევით მონაწილეობის მიღებისთვის 2 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

სამართლიანმა არჩევნებმა  ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ ცესკო-ს ინფორმაცია მიაწოდა, რის შედეგადაც ცესკო-მ 2014 წლის 9 ივლისს ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და სასულიერო პირს მიმართა, რომ წერილობითი ახსნა-განმარტება წარმოედგინა.

გიგი უგულავას დაკავების შესახებ კი ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართლიანი არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად აქტიური პირის დაპატიმრების ფაქტს უარყოფითად აფასებს.

„ჯერ კიდევ 2014 წლის 14 აპრილს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის თანახმად, ხელისუფლებამ გამოხატა პოლიტიკური ნება იმ პირთა მიმართ, ვინც უშუალოდ ჩართულნი იყვნენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიაში და გამოაცხადა მორატორიუმი, რათა არ მომხდარიყო  მათი დაკავება საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა ან იქმნება საპროცესო ვადების დარღვევის საფრთხე. მორატორიუმის პირობების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაასაბუთონ, ნამდვილად არსებობდა თუ არა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა... სასამართლომ არ მიიჩნია აუცილებლად გიგი უგულავასთვის საზღვარგარეთ გადაადგილების შეზღუდვა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც სამართლიანი არჩევნების ანგარიშშია აღნიშნული, 2014 წლის 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, ბრალდებულის მხარდამჭერები და სამართალდამცავის ორგანოების წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, თბილისის ყოფილი მერი კონსტანტინე გაბაშვილი, თავისუფალი ზონის აქტივისტები - გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ასევე პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი დააკავეს.

„აღნიშნულ შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს პარლამენტისთვის არ უცნობებიათ პარლამენტის წევრის დაკავების შესახებ, შესაბამისად, ლევან ბეჟაშვილი 3 საათის განმავლობაში კონსტიტუციისა და საპროცესო ნორმების დარღვევით იყო დაკავებული“, - მიიჩნევს სამართლიანი არჩევნები.

კომენტარები