ყაჩაღობა ზუგდიდში

ნანუკა ჟორჟოლიანს ზუგდიდში მომხდარის არ სჯერა

ჟურნალისტი და ენმ-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, მძარცველის მიერ ბანკში შეჭრა და მძევლების აყვანა მისთვის დაუჯერებელი ამბავია. 

როგორც ჟორჟოლიანი ტაბულასთან განმარტავს, მისთვის საეჭვოა, როგორ შეძლო შეიარაღებულმა ყაჩაღმა ბანკში შესვლა ისე, რომ არანაირი წინაღობა არ შეექმნა. მისივე თქმით, გუშინ, ზუგდიდში პარტიული ღონისძიების გამო ბევრი პოლიციელი იყო მობილიზებული, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ზუგდიდში მომხდარს. 

"არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის ღონისძიება იყო გუშინ ზუგდიდში, ჩვენ ვიცით, როგორი მობილიზაცია ხდება ქალაქში ნებისმიერი პოლიტიკური ღონისძიების დროს. სულ რომ მობილიზაცია არ ყოფილიყო, წარმოიდგინეთ, ამხელა ავტომატით კაცი შედის ბანკში მარტო, ყველაფერს იღებს რაც უნდა და ისე გადის ქალაქიდან, რომ საერთოდ წინაღობა და პრობლემა არ ექმნება. 

რაც მე გუშინ ვნახე ფილმს გავს, ცოტათი დაუჯერებელი ამბავია, ყველას პირბადე გაკეთებული, დაცული წესები, რაღაცნაირად ზედმეტად „კარგია“ ეს ყველაფერი ტერორისტული აქტისთვის. ძალიან საეჭვო ამბავია და არ მჯერა, ქვეყანაში, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერი რაღაცნაირად მოჭიმულია, ამხელა ავტომატით ადამიანი ისე შედის ბანკში, ვერავინ ვერ ამჩნევს და არანაირი წინაღობა არ ექმნება. მოკლედ, ეს ამბავი ძალიან ხელოვნურად მეჩვენება". - ამბობს ჟორჟოლიანი. 

21 ოქტომბერს, დაახლოებით, დღის 2 საათზე, ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს.

თავდამსხმელი $500 000-სა და ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვდა.

მოგვიანებით, ადგილზე მყოფი მძევლებიც გათავისუფლდნენ. თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა - მათ შორის იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდვა.

შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალდავა და სხვა მძევლები გათავისუფლდნენ, თავდამსხმელის დასაკავებლად კი ღონისძიებები გრძელდება. R2-ის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ყველა მძევალი გამოუშვა და გაიქცა.

რას ჰყვება მძევალი, რომელიც დღის განმავლობაში თავდამსხმელის დავალებით მედიას უკავშირდებოდა - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები